Wednesday, April 27, 2016

                              

შოთა რუსთაველი — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა„ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

     რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი. სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად. პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
     1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაციერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
     არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
   აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.                                                             შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ –ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნულიარაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლესჰერაკლიტესპლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსიგურგანინიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ. 
     
                            რუსთაველის პოემა და მისი სიცოცხლე საუკუნეებში

          ყოველი გენიოსი ჰქმნის დროისა და სივრცის ფარგლებში. რუსთაველის პოემის ფონი არის საშუალო საუკუნეთა ქართული გარემო, საშუალო საუკუნეთა ქართული მსოფლიო. მაგრამ შოთას პოემა ეკუთვნის კაცობრიობის გენიის იმ უდიადეს ქმნილებებს, რომელთა მნიშვნელობა არაა დაკავშირებული ამა თუ იმ ეპოქასთან, რომლებიც არ ჰკარგავენ თავის ცხოველმყოფელობას მას შემდეგაც, რაც გადავიდა ის ისტორიული გარემო, რომელსაც იგი ასახავდა. ეპოქის გარდასვლასთან ერთად იჩრდილება ის, რაც წარმავალია. ხოლო რჩება უკვდავი პოეზია, თავისი ზოგად-კაცობრიული შინაარსით.
          საკაცობრიო იდეალებს საშუალო საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურაში არ ჰყოლია უფრო დიდი მომღერალი, ვიდრე რუსთაველი იყო. რუსთაველის პოემაში მეტყველებს ადამიანის თავისუფალი სული. ადამიანის სულიერი ცხოვრების წყაროები, რომლებიც სანახევროდ გადამშრალი იყო საშუალო საუკუეებში, რუსთაველის პოემაში აღწევს თავის სავსებას. რუსთაველი უდიდესი ჰუმანისტია, რომლის მსგავსი არ იცის საშუალო საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურამ.
                                                                              *
          რას შეიცავს ვეფხის-ტყაოსანი, რომ საუკუნეთა მანძილზე არ აკლდება შთამაგონებელი ძალა და მუდმივ რჩება ცოცხალ და მოქმედ პოეტურ ქმნილებად.
          ორი უდიადესი და უმშვენიერესი გრძნობა ადამიანისა-მეგობრობა და სიყვარული, აი რას უმღერის შოთა რუსთაველი თავის პოემაში, უმღერის ისეთი სრული პოეტური ხმით, როგორითაც იშვიათად თუ ვისმე უმღერია რუსთავლეზე ადრე ან რუსთაველის შემდეგ.
          სიმფონია სიყვარულისა და მეგობრობისა გაშლილია პოემაში ცისარტყელის მრავალფეროვნებით:
          სიყვარული ნესტანისა და ტარიელისა, ასევე, სხვა განათებით, სიყვარული თინათინისა და ავთანდილისა, - ეს არის უკვდავი ჰიმნი, მიძღვნილი ადამიანის სულის სინათლისადმი.
          მეგობრობა ვაჟთა-ტარიელისა, ავთანდილისა, ფრიდონისა,-ეს უდიადესი გრძნობა, რომელიც განასახიერებს ძმობას არა მხოლოდ ადამიანთა შორის, არამედ ძმობას ხალხთა შორის. მეგობრობა ქალთა-ნესტანისა და ასმათისა, ნესტანისა და ფატმანისა,-რომელსაც არ აფერხებს მათი სხვადასხვა სოციალური ფენებისადმი კუთვნილება. მეგობრობა ვაჟისა და ქალისა,-ტარიელისა და ასმათისა,-ჭეშმარიტად უმშვენიერესი ფურცელი მსოფლიო პოეზიისა, უზენაესი და უკეთილშობილესი გრძნობით შთაგონებული.
           და ყოველივე ეს განსახიერებულია ისეთ სრულქმნილ მხატვრულ ფორმებში, რომელიც უშუალოდ მიდის ადამიანის გულთან და სამუდამოდ აღიბეჭდება მასში. რუსთაველი თავის პოემაში უმღერის მშვენიერებისა, კეთილისა და სიმართლის ძლევამოსილებას. რუსთველი თავისი პოემის გენიალურ სიმბოლურ სახებში წარმოგვიდგენს, თუ როგორ დაამხო მეგობრობისა, გმრიობისა და სიყვარულის გრძნობით შთგონებულმა რაინდებმა ბოროტების, სიბნელისა და ძალმომრეობის სიმბოლო ქაჯეთის ციხე, და როგორ გაანთავისუფლეს მათ მთვარე, რომელიც გველს ჰყავდა დატყვევებული. რუსთაველის პოემა გამსჭვალულია მაღალი ეთიკური იდეალებით. რუსთაველის პოემაში იდეა მეგობრობისა და სიყვარულისა შემოსილია ზნეობრივი სიმაღლის შარავანდედით, იგი არის გამოვლინება ადამიანის ბუნების სიდიადისა. სიყვარული რუსთაველის პოემაში არის წყარო ზნეობრივი განახლებისა.











იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი, უებრო კვლა მოუბარი წყლიანი.






No comments:

Post a Comment