აფორიზმები

 ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.

არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავნესი წმახისა.

არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების?
არ თურ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების.
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.

არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა,
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამოარჩევთ მქმნელია.

აწღა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!

ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.

განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!

.,..გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს.

გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გულსა გული ელია?
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.

გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გულია ჟამ-ჟამ ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული-ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!

გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!

ვარდსა ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?
მან თქვა: ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად.
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

ვა, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
შნი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

ვჰგომ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა!

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გავბრუნვებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მინდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს,
თქმულა: "ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს".

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი ხდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსასო რა ქმნილა, ხელნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

...........ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს,
ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმინდოს!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა–თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,–
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.

აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა სელია,
მიწეივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია,
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არიხსენები.

თქმულა: "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა–შეესწოროსა,
ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა.

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესამოყვარულსა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.

კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის.

კაცსა მიხვდეს საწადელ, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულტა ჩირთა ხსოვნა.

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

კაცსა დასვრის უგულობა .......

იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს ავი რა საკვირველია!

თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

თუმცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრამ მეტად უარია არა–თქმა და ჭირთა მალვა.

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!

მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს.

მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების.

მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების,

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი.

მართლად უთქვამს მეცნიერთა: "წყენააო ჭირთა ბადე".

...მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლად ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა_დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!

მართლად თქმულა: "არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი".

მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების".

მამაცისა სიცრუეთა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს!

მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების.

მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

მართლაც იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთი ეშმაკთა ძირისა!

ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი,
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

რაცა ვინ რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების.

რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

სდევს მიკნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს,
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს.

სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით!

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!

საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ-სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

სიყვარული აგვამაღლებს.

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

სწყუროდეს, წყალს ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა.

საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია,
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.

საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს
თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი.
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების.

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

წყლულსა დანა ვერ ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაასივნებს.

წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა.

ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

ხამს, მამაცი გულოვნობდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლისა თხრობა.

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!

ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!



No comments:

Post a Comment