ვეფხისტყაოსანზე უთქვამთ

კ.რდულტოვსკი
                                           ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი
     საქართველო ანუ იბერია, რომელსაც უკავია კავკასიონის მთების განშტოების ნაწილი, სხვადასხვა ტომისა და ხალხის ბუდე, საუკუნეთა მანძილზე განიცდიდა მშფოთვარე დღეებსა და პოლიტიკურ ძვრებს. მიდიელებისა და სპარსელების მახვილი არაერთგზის გადატეხილა მებრძოლი სულის მქონე ქართველთა მკერდზე. თათრების თავაშვებული ურდოები, რომელთაც მოუძღოდა ჩინგისხანი, შემდგომ კი თემურლენგი, მიწასთან ასწორებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და მუსრს ავლებდნენ ტომებს. საოცარია, რომ მიწის ასეთი მცირე ნაკვეთი, რომელსაც შემწეობა და თანადგომა არსაიდან ჰქონდა, გადაურჩა ყურანის აღმსარებელთა მრავალგზის შემოსევას; შაჰ-აბასის სიმკაცრემ და ძალმომრეობამ ვერ მოსპო ენა, ვერ დაშრიტა ჭეშმარიტი რელიგიის სინათლე, ვერ ამოჟლიტა ერის უკანასკნელი ნაშთები. ამავე მიზეზთა გამო ამ ხალხის ისტორია, რომელიც XVI საუკუნის მიწურულს დაიწერა ზეპირგადმოცემებისა და მონასტრებში დაცულ მატიანეთა ნაწყვეტების მიხედვით და ასახავს სახელოვან ადამიანთა საქმეებს, მეფეების მიერ მოპოვებულ გამარჯვებებს, აშუქებს მათ ურთიერთობას აზიის ხალხებთან, პირველწყაროთა მოუღწევლობის გამო ეჭვს იწვევს. ქართველი ერის ხასიათის შეცნობა კიდევ კარგა ხანს დარჩება ამოცანად.
        საქართველოს, როგორც მეზობელი ქვეყნების ისტორია მოწმობს, უკვე შორეულ წარსულში ჰყავდა საკუთარი მეფეები, ჰქონდა თავისი ლიტერატურა და კანონები, რომელთა მიხედვით წარმოებდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობა. მასში, როგორც სახელმწიფოში, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთის მონარქიასთან სარწმუნოებით, მეზობლური სიახლოვითა და პოლიტიკური ურთიერთობით, IV საუკუნეში აღმოცენდა მეცნიერება და ხელოვნება. საქართველოს მეფეები ბეჯითად ცდილობდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და განათლების გავრცელებას; ამ მიზნით საბერძნეთში გზავნიდნენ ბუნებისაგან მომადლებული ნიჭით აღსავსე კეთილშობილი წოდების ახალგაზრდებს მეცნიერული ცოდნის სრულყოფისა და ხელოვნების მიმართ გემოვნების დასახვეწად. წარგზავნილთა შორის ქართული ლიტერატურის ისტორია იხსენიებს შოთა რუსთაველსაც, რომლის შესახებ გვინდა მოვიტანოთ მოკლე ცნობები.

         საქართველოს ისტორიაში სახელოვან ეპოქად იწოდება ბრწყინვალე მეფობა თამარისა, რომელმაც თავის სკიპტრას თარგამოსის ყველა ტომი დაუმორჩილა. მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელმა ამ ქართველმა სემირამიდამ მზრუნველობისათვის, რომელიც მან თავისი ქვეშევრდომების მიმართ გამოიჩინა, მეცნიერთა მფარველის სახელი დაიმსახურა. მისმა ადამიანურობამ, სიუხვემ, თბილმა მოპყრობამ, გონების ცხოველმყოფელობამ, მომხიბვლელმა სილამაზემ და მეცნიერების სიყვარულმა მისი სამეფო კარი ტალანტების ტაძრად აქცია. აი ასეთ სამეფო კარზე შოთა რუსთაველს საპატიო ადგილი ეჭირა. 
     ეს გამოჩენენილი პოეტი დაიბადა 1183 წელს კეთილშობილ, მაგრამ ნაკლებად შეძლებულ ოჯახში. მისი დაბადების ადგილად მიიჩნევენ მესხეთის დაბა რუსთავს, საათაბაგოს პროვინციაში, რომელიც ამჟამად ახალციხის საფაშოს წარმოადგენს. აქედან, ძველი ხალხების ჩვეულების მიხედვით, რაც გვიჩვენებს, რომ იგი წარმომავლობით რუსთავიდანაა. ათენიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი მეფე გიორგის მიერ იყო გაგზავნილი მეცნიერებაში დასახელოვნებლად, მას მეფის ტახტზე გიორგის ასული თამარი დახვდა. ფილოსოფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გარდა იგი მშვენივრად ფლობდა არაბულ, სპარსულ და ბერძნულ ენებს. როგორც ოდესღაც ავგუსტუსის სასახლეში მჭიდრო მეგობრობით განთქმული იყვნენ მარონი და ჰორაციუსი, ისე თამარის კარზე რუსთველი და ჩახრუხაძე, პოეტი-მეგობრები აკვირვებდნენ თანამედროვეთ თავიანთი ნიჭით. ერთი სურვილი ამოძრავებდა-განედიდებინა მბრძანებლის სახელი.
     რუსთველის მიერ დაწერილ პოემას "ვეფხისტყაოსანი", ე.ი. ვეფხვის ტყავით შემოსილი; მას ეს სახელი იმის გამო ჰქვია, რომ თხზულების გმირი ტარიელი ვეფხვის ტყავით იმოსება მოგზაურობის დროს. ეს ნაწარმოები რუსთველმა დაწერა თამარ მეფის მოთხოვნით, და ინება მშობლიურ ენაზე ეხილა ლექსად გამოთქმული. როგორც გადმოგვცემენ, თამარი პოეტს ყველა სურვილის შესრულებას შეჰპირებია, თუ იგი წარმატებით დაასრულებდა შრომას. რუსთველი, რომლის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მშვენიერი თამარის თვალები, შეუდგა მუშაობას. დასრულებულმა ნაწარმოებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი თამარ მეფისა; მაგრამ პოეტმა მოითხოვა ჯილდო... მორწმუნე თამარი ცრემლებით ევედრებოდა ზეცას, რომ სიმტკიცე და სიმხნევე მიეცა მისთვის; ამ დროს პოეტმა, რომელსაც თამარის ხელი სურდა, თავი მოიკლა. ზოგი ცნობით, იგი მოწამლეს. სხვანი გადმოგვცემენ, რომ რუსთველს ცოლი ჰყოლია, მაგრამ მისი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა-მის ცოლს შეჰყვარებია ზანგი მსახური. შეუტყვია რა ცოლის ორგულობა, რუსთველს გადაუწყვეტია მასთან გაყრა, მანამდე კი შურისძიება შეურაცხყოფისათვის. ამ განზრახვით მიიწვია ნადიმზე თავისი ნათესავები და მოუთხრო მათ სამეფო კარზე საკუთარი წარმატებების შესახებ, იმის შესახებ, რომ მას შეეძლო დამტკბარიყო ღირსეული ქალების სიყვარულით, თუკი მოისურვებდა და თავისი წრის ჩვეულ მოვალეობებს დაარღვევდა; უჩვენებდა სტუმრებს თავის განძეულობას და დასძენდა, რომ ჩემი სახელი საუკუნეებს გაუძლებსო. ყველაფერი ეს მიუთითებდა, რომ მას უფლება ჰქონდა ცხოვრების თანამგზავრისაგან მოეთხოვა ერთგულება, ყოველ შემთხვევაში-მისი სახელისადმი. ნადიმობის დასასრულს მრძანა შემოეტანათ ლანგარი მის მიერ წინასწარ მოკლული ზანგის თავით და ცოლს უბრძანა, აეხადა ლანგრისათვის საფარი. როდესაც განრისხებული ნათესავები მისცვივდნენ უბედურ მსხვერპლს, რუსთველი მალულად გავიდა და სამეგრელოში (კოლხეთში) გაჭრილმა, მარტოდმარტომ დაასრულა სიცოცხლის დღენი.




კ.ლაპჩინსკი
              "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის წინასიტყვაობა
     კავკასიონის სამხრეთ კალთებთან, შირვანს, სომხეთსა და შავ ზღვას შუა მდებარეობს მთიანი, ლამაზი, ატმის, ლეღვის, ნუშისა და ყურძნის ნაყოფით უხვად მომადლებული ვრცელი ნაკვეთი მიწისა, ქვეყანა გულღია ადამიანებისა, რომელთა სტუმართმოყვარეობა და ტრადიციული სიმამაცე განთქმულია და რომელსაც ძველად ივერიას უწოდებდნენ, ხოლო ახლა საქართველო ეწოდება. ევროპელთ მხოლოდ ის წარმოდგენა აქვთ ამ ქვეყნის შესახებ, რომ იქ ცეცხლის ზეციდან მოტაცების გამო პრომეთე კლდეზე მიაჯაჭვეს; რომ იქ არსებობდა კოლხეთი, ოქროს საწმისი, მედეა და კიდევ ის, რომ საქართველოს პირმშვენიერ ასულებს დიდი წარმატება ჰქონდათ სტამბოლის ჰარამხანებში. მაგრამ დიდ პატივს არავის არ სდებს ასე მცირედის ცოდნა ამ უძველეს გმირ ხალხზე, რომლის სისხლით დაწერილი ისტორია ზეადამიანური შემართების ამაღლებულ მაგალითს წარმოადგენს. ქრისტიანობის დამკვიდრებასთან საქართველოს ისტორია-ესაა ცხოვრება ხალხისა, რომელმაც მრავალგზის გადაიტანა და ძარცვა, რომელსაც ხოცავდნენ არა ასობით და ათასობით, არამედ მილიონობით, მაგრამ მაინც არ მოუხრია ქედი და არც მონგოლებს, არც თურქებსა და არც სპარსელებს, შეინარჩუნა თავისი ენა და ეროვნული სახე და არ უარყვია ქრისტიანობა. უცხოელთა შემოსევების შორს დროს ქართველები ბრწყინვალე ტაძრებსა და თავდაცვითი ნაგებობების აგებას ახმარდნენ და მთელი არსებით ილტვოდნენ განათლებისაკენ, რამდენადაც ცივილიზებული სამყაროს სიშორე ამას შესაძლებელს ხდიდა. 
     ქართველებმა ბევრი რამ იციან პოლონეთის შესახებ. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში სწავლული მეფე ვახტანგ VI ქართულ მატიანეთა კრებულში მიუთითებს პოლონელ ისტორიკოსთა თხზულებებზე. მათ თავიანთ ენაზე თარგმნილი აქვთ ნაწყვეტები ა.მიცკევიჩის ნაწარმოებებიდან. დაე მათი პოეზიის უმაღლესი ქმნილება "ვეფხისტყაოსანი" იქცეს პრომეთეს სამშობლოსთან მჭიდრო მეგობრობის პირველ ნაბიჯად. აზრი იმის შესახებ, რომ ქართული ლიტერატურის ყველაზე შესანიშნავი ნაწარმოები ქცეულიყო მეგობრობის საწინდრად, გამოიწვია იმან, რომ ერთი განათლებული ქართველი (მის გვარს არ ვასახელებ, რადგან მან ასე ისეურვა) წლების განმავლობაში მითარგმნიდა და განმარტებას მაძლევდა პოემის ირგვლივ, რადგან, მე შორს ვერ წავიწიე ქართული ენის შესწავლის საქმეში. "ვეფხისტყაოსნისა" და ქართული მატიანეების კვლევაზე ჩემს ამხანაგთან ერთობლივი მუშაობა (რაც არაერთგზის გვიან ღამემდე გრძელდებოდა) თბილისური მოგონებებიდან განსაკუთრებით სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.
     გიორგი მესამის შემდგომ პარტრიარქის, ეპისკოპოსთა და დიდებულთა თანხმობით საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი ასული თამარი. საქართველოსთვის ოქროს ხანა დაიწყო. ახალგაზრდა დედოფალს წიანაპართაგან მემკვიდრდეობით გადმოეცა საზრიანობა, მმართველობის უნარი და სამხედრო ხელოვნების ნიჭიც. ამასთანავე იგი განთქმული იყო მომხიბვლელი სილამაზით, განათლებისაკენ სწრაფვითა და ჭეშმარიტად მეფური დიდსულოვნებით. მისი მეფობა-ესაა ქართველთა პოლიტიკური ძლიერების ზენიტი. თუქთა, სპარსთა, არაბთა და სხვათა ყარსი და ტრაპიზონი. ზღაპრულად, თითქოს მიწიდან ამოიზიდნენო, ქვეყანაში საოცრად გამრავლდა ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, რომელთა როცხვი აღემატებოდა ჩვენში კაზიმეჟ დიდის (XIV ს.) მეფობის დროს არსებულ ნაგებობებს. მეცნიერება და ხელოვნება ძალუმად განვითარდა. თამარის მეფობას შორს გაუთქვეს სახელი მოსე ხონელმა, სარგის თმოგველმა, შავთელმა, ჩახრუხაძემ და, უპირველეს ყოვლისა, "ვეფხისტყაოსნის" ავტორმა შოთა რუსთველმა. ქართული ლიტერატურის ეს ყველაზე სახელგანთქმული თხზულება შეიქმნა თამარის მეფობის ხანაში, საქართველოს ოქროს ხანაში. დღესაც კი ყოველი გლეხი სასოებით იხსენიებს მის სახელს.
     



ა.ლაისტი
                             ნარკვევები საქართველოდან
     ქართულ ლიტერატურას საკმაოდ დიდი წარსული და ტრადიციები აქვს, რადგან იგი ძლიერ დიდი ხანია არსებობს, მრავალმხრივი გზები განვლო და სხვადასხვა გავლენებს განიცდიდა. იგი, ისე როგორც ბევრი სხვა აღმოსავლური ლიტერატურა, თეოსოფიიდან წარმოიშვა და რელიგიური დოგმების საფუძველზე ვითარდებოდა. მისი ქვაკუთხედია ბიბლია და ეკლესიის პირველ მამათა ქადაგებანი, რადგან მისი პირველი შემქმნელებიც მხოლოდ სასულიერო პირნი იყვნენ. რადგანაც ქრისტიანობის აღმოცენებისას საქართველოში სასულიერო პირები უმთავრესად ბერძნები იყვნენ, ბუნებრივია, რომ ქართულმა ლიტერატურამ ამ პირველ პერიოდში ბერძნული გავლენა განიცადა. მართლაც, პირველი ორი საუკუნის განმავლობაში ქართველებს თავისი ორიგინალური არაფერი შეუქმნიათ და საზრდოობდნენ მხოლოდ იმდროინდელი ბიზანტიელი ბერძნების მეცნიერული ნამოღვაწარით ან თვითონაც იღებდნენ ზოგ რამეს ძველი საბერძნეთის საგანძურიდან, ნაწილობრივ ორიგინალიდან და ნაწილობრივ კი თარგმანებიდან. 
     ასეთი მდგომარეობა გრძელდებოდა XI საუკუნემდე, ე.ი. საქართველოს პოლიტიკური ძლიერების განვითარების, ქრისტიანობისა და მისი ინსტიტუტების განმტკიცების მთელი ხნის განმავლობაში. მხოლოდ ეკლესიის მმართველობიდან ბერძნების მოშორების, ეკლესიის მთლიანი გაქართულების შემდეგ ჩნდება საერო ლიტერატურის პირველი ნიმუშები. ეს მოვლენა, გარკვეული დონით, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ბერძენთა გავლენისაგან გათავისუფლდა ქართული სახალხო სული და გაიღვიძა ეროვნულმა გრძნობებმა. უკვე ამ დროს საქართველოს ჰქონდა ბრწყინვალე წარსული, საკმაოდ განვითარებული მატერიალური ცივილიზაცია, ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც შედგებოდა მებრძოლი რაინდების, განვითარებადი ვაჭრებისა და მოქალაქეებისაგან, ჰქონდა ბრწყინვალე სამეფო კარი და უპირველეს ყოვლისა მდიდარი საგანძურები. მცხოვრებნი იყვნენ მოქმედნი და ბედნიერნი, კმაყოფილნი და გართობის მოყვარულნი. ყველა ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ ეს იყო უმაღლესად განვითარებული ეპოქა, შუა საუკუნეების საქართველოს ძლიერების კულმინაციური მწვერვალი. ამ ეპოქაში გაიფურჩქნა აგრეთვე მისი კლასიკური ლიტერატურა.
     ამ კლასიკური ეპოქის უმნიშვნელოვანეს ქმნილებას წარმოადგენს ეპოპეა "ვეფხისტყაოსანი", შოთა რუსთველის ქმნილება. ამ ნაწარმოების საკვირველი სათაური წარმოდგება ვეფხვის ტყავისაგან, რომელიც მისი ერთ-ერთი გმირის ტანსაცმელს წარმოადგენს. იგი დღემდე განუმეორებელი, სწორუპოვარი ქმნილებაა ქართველთა მუზისა და მისი ავტორი შოთა რუსთველი თავისი ქვეყნისათვის იგივეა, რაც ტ. ტასო იტალიისათვის ან ლ. კამოენსი პორტუგალიისათვის; შოთა არა მარტო ეპიკური პოეზიის მამა იყო, არამედ აგრეთვე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქის ბრწყინვალე ილუსტრატორიც. აზრები, შეხედულებები და სახეები მისი პოეზიიდან დღესაც საუკეთესოდ ითვლება და თითოეული ქართველი ხალისით წარმოთქვამს მათ. გამიგონია, კიდეც, რომ ყმაწვილები ზეპირად კითხულობენ ნაწყვეტებს მისი ეპოპეიდან და ეს ნაწყვეტები ძალზე შესაფერისად გამოხატავს აზრს ამა თუ იმ გარემოებისათვის. ეს შესაძლოა ჩავთვალოთ იმის საბუთად, რომ "ვეფხისტყაოსანი" ჭეშმარიტად სახალხო ქმნილებაა და რომ მასში არის უამრავი ფაქტორი საერთო ეროვნული ხასიათისა, რომლის შეცვლა დროს არ შეუძლია და შესაძლოა ვერასოდეს ვერც შეცვალოს.                                                                                                                  1885




კ.ვინიევიჩი
                             ქართული ლიტერატურა
     რუსთველის თხზულება ქართველი ხალხის სიამაყეა. თავის სამშობლოში მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მისი ბევრი ანდაზა ხალხურად იქცა. ამ თხულებამ საქართველოს საზღვარს გარეთაც მიაღწია დიდებას და მრავალ ენაზე ითარგმნა. პოემა გამოირჩევა არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ ჩინებული კომპოზიციით, მშვენიერი ენითა და სტილით, ლექსის მუსიკალობით. შესაძლოა დასავლელი მკითხველი ზოგჯერ განაცვიფროს გამოსახვის ჰიპერბოლიკამ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აღმოსავლური და აგრეთვე ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშებისაგან განსხვავებით ეს ნაწარმოები ხასიათდება ზომიერების დაცვით, ხოლო პოეტის მიერ ნახმარი ეპითეტები თავისი შინაარსითა და ფორმით ცოტათი თუ განირჩევა ჰომეროსისეული ეპითეტებისაგან, რომლებიც კლასიკურადაა აღიარებული.
     ეპოსის მოვლენები ვითარდება არაბეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. ისმის კითხვა: რატომ არ მისცა რუსთველმა თავის შედევრს ადგილობრივი ქართული შეფერილობა? ამ საკითხის გადაჭრა დაკავშირებულია ისეთ პრობლემასთან, როგორიცაა "ვეფხისტყაოსნის" ორიგინალობის საკითხი. უწინარეს ყოვლისა საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ თუმცა პოემის ფონი უცხოურია, მაგრამ ყოველი მოქმედი პირი და წეს-ჩვეულება თავისი ხასიათი წმინდა ქართულია. მარტო ეს გარემოებაც კი უკუაგდებს იმ ვარაუდს, რომლის მიხედვით "ვეფხისტყაოსანი" სპარსულიდან თარგმნილადაა მიჩნეული. ხოლო ავტორისეული განცხადება, რომ მან "ესე ამბავი" სპარსულიდან თარგმნა, ცხადია, სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. რუსთველს თავის ეპოსში სურდა განედიდებინა თამარ მეფე, რომელიც მას უყვარდა, და თავისი ოცნების შენიღბვის მიზნით ქმნილებას უცხოური ფონი შეუქმნა.



ე.ნაკაშიძე
                                  შოთა რუსთველი
     შოთა რუსთველის პოემა "ვეფხისტყაოსანი" შვიდი საუკუნის მანძილზე მიჩნეული იყო საქართველოს ყოველი მწერლის იდეალად და ეტალონად და ბიბლიის მსგავსად (თუ მეტად არა) საყვარელ და აუცილებელ წიგნად ითვლებოდა თითოეული ქართველის ოჯახში. პატარძალს ტრადიციისამებრ უნდა წაეღო მზითევში საკუთარი ხელით გადაწერილი და მოკაზმული "ვეფხისტყაოსანი". მეფენი და უბრალო მოკვდავნიც უხვად იყენებდნენ მის ციტატებს და ბევრმა ქართველმა დღესაც ზეპირად იცის ეს ათას ხუთასზე მეტი სტროფის შემცველი პოემა. საქართველოში ღვთიური დედოფლის, თამარის სახელის გარდა, ალბათ, არაა სახელი, რომელიც ისე პოპულარული იყოს, როგორც პოეტ შოთა რუსთაველის სახელი. და თუ ჭეშმარიტების მარცვალს მაინც შეიცავს ანდაზა_"მითხარი, რომელი წიგნი გიყვარს და გეტყვი, თუ ვინ ხარ შენ",_მაშინ გასაგები გახდება, თუ ყოველი უცხოელი მოგზაური, მისიონერი და მწერალი ერთხმად რატომ წერს ქართველების შესახებ, რომ ეს ხალხი კეთილშობილი და მამაცი, რაინდული და ზრდილობიანი, დიდსულოვანი და კულტურულია.
     თითოეული ქართველისათვის უსაყვარლეს წიგნად მიჩნეული იყო და იქნება პოემა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც უმღერის მამაცობასა და რაიდნობას, კეთილშობილებასა და დიდსულოვნებას, ქალის კულტს, პოეზიასა და სილამაზეს. 



ი.ტუვიმი
                               უმშვენიერესი პოემა
     "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ეპიკური პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი შედევრია. მისი ავტორი_შოთა რუსთველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XII_XIII საუკუნეთა მიჯნაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეპოვება არავითარი ბიოგრაფიული ცნობები ამ ჭეშმარიტად გენიალური პოეტის შესახებ. მისი პოროვნება, ისე როგორც ჰომეროსის პიროვნება, ლეგენდის ბურუსითაა მოცული. ზოგიერთი ტექსტობრივი მასალა გვიჩვენებს, რომ "ვეფხისტყაოსანი" იქმნებოდა 1198-1212 წწ. შორის. ამის ცოდნიას სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი მასშტაბის შემოქმედი, ავტორი ერთ-ერთი უმშვენიერესი პოემისა კავკასიაში, კლდოვან საქართველოში, ცნობილ დასავლეთევროპულ აღორძნებამდე თითქმის 200 წლით ადრე გამოჩნდა. დაე ამ ფაქტმა გვასწავლოს, რომ ცნობები_"უდიდესი პოეზია", "უდიდესი კულტურა", "კლასიკური ლიტერატურა" ან "მარადიული შედევრი"_არ შემოვიფარგლოთ და არ გამოვაცხადოთ ისინი ძველი ბერძნების, რომაელებისა და მათ მემკვიდრეთა მონოპოლად. 
     რუსთველის ბრწყინვალე პოემაში უპირველეს ყოვლისა ჰარმონიულადაა შერწყმული შემდეგი ელემენტები: მხურვალე სიყვარული და ამაღლებული გმირობა, რომელთა წარმომჩინებლად მოხმობილია ამ შედევრის შინაარსის შემავსებელი იდეალები თავისუფლებისა, თავგანწირვისა, პატრიოტიზმისა და ხალხთა ძმობისა. "ვეფხისტყაოსნის" გმირები_ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი_სამი სხვადასხვა ეროვენბისა და სარწმუნოების წარმომადგენლები არიან და მიუხედავად ამისა მათ აკავშირებს მეგობრობის უწყვეტი ჯაჭვი. საგულისხმოა, რომ ასეთ შორეულ წარსულში, თანაც აღმოსავლეთში, პოემაში მოქმედებენ ქალები, რომლებიც პოეტის მიერ შემკული არიან უაღრესად კეთილშობილური თვისებებით. ნესტან-დარეჯანი, თინათინი და ასმათი ჩვენ აღგვაფრთოვანებენ თავიანთი გმირული სულით, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება მამაკაცებისას.
     რუსთველის პიროვნებაში ჩვენ გვაოცებს პოეტური სიბრძნე. აგრეთვე ის, რომ იგი გვევლინება თავისი ხალხის აღმზრდელდ და მასწავლებლად. პოეზიის დიდბუნებოვნებას აქ ენაცვლება აზრთა სიდიადე, რაც გადმოცემულია ანდაზებსა და აფორიზმებში.


პ.ტიჩინა   1966.
                                                 საუკუნეებში კაიფობს
     ეს წელიწადი დიდი ქართველი ჰუმანისტის შოთა რუსთაველის წელიწადია. უკვე რვა საუკუნეა ჟღერს შოთას სიტყვები-არა მარტოოდენ საქართველოში, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის ენებზე.
    "ვეფხისტყაოსნის" ჰუმანიზმმა ცეცხლოვანი ასოებით გააჩირაღდნა შუა საუკუნეების ბნელეთი. რუსთაველი უმღეროდა ისეთ ჭეშმარიტ სიყვარულს, რომელიც ბადებს უსაზღვრო ნდობას ერთი გულისა მეორის მიმართ: იგი იცავდა ქალთა ადამიანურ უფლებებს, რაინდულ გმირობასა და ხალხთა ერთიანობას.
     რუსთველის პოემის შესახებ პორველად უკრაინაში XVIII საუკუნეში გაისმა ხმა დ.გურამიშვილისა. პოემის უკრაინული თრგმანი მაშინ არ არსებობდა. მაგრამ 1847 წელს, როდესაც "კირილე-მეთოდეს ძმობის" საქმის გამო, მეფის მთავრობამ ა.ნავროცკი გადაასახლა სიატკაში, ხოლო შემდგომ კავკასიაში, იგი აღტაცებით გაეცნო რუსთველის პოემას და მაშინვე მიჰყო ხელი მის თარგმნას.
     "ვეფხისტყაოსნის" სიღრმისა და სილამაზის მთელი სისრულით შეცნობა ჩვენ შეგვაძლებინა მ.ბაჟანმა. თარგმნა მან ჯერ კიდევ 1929 წელს დაიწყო.
დიდხანს მუშაობდა  ჩვენი გამოჩენილი პოეტი-აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე. იგი ქართველების დახმარებით სწავლობდა რუდთველის პოემის ლექსის საზომს, ცალკეულ სიტყვებსა და გამოთქმებს. რა თქმა უნდა, იგი გაეცნო ფილოლოგების, ისტორიკოსების, აღმოსავლეთმცოდნეების უამრავგამოკვლევას. ამ მომენტებს იმიტომ გავხაზავ, რომ ჩვენი ახალგაზრდა პოეტების თაობამ იცოდეს; ლიტერატურული შედევრი, იმის მიუხედავად, ორიგინალურია  ის თუ  თარგმნილი, იქმნება  რუდუნებით, შრომით.
     დიდება და პატივი რუსთველს!-ვამდოდთ ჩვენ იუბილეს დღეებში. დიდება ყველა დროისა და ხალხის უდიდეს პოეტს!


ა.კორნეიჩუკი  1937.
                               მშობლიური და ახლობელი
    საბჭოთა უკრაინისთავისუფალი ხალხი ღრმად სცემს პატივს ქართველი ხალხის გენიალურ პოეტს შოთა რუსთველს, რომელმაც მთელ პროგრესულ კაცობრიობას მისცა უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი". უკრაინელი ხალხის გული აღსავსეა მხურვალე სიყვარულის გრძნობით მოძმე ქართველი ხალხისადმი, სამღვდელო და საერო ხელისუფლებასთან გააფთრებულ ბრძოლაში დაიცვა რუსთველის ქმნილება ფეოდალთ ბარბაროსობისაგან.
    შოთა რუსთველი "ვეფხისტყაოსანში" უდიდეს ჰუმანისტად გვევლინება.
რუსთველის ლექსი, მისი სტრიქონები ცეცხლოვან ისრებად იქცა ფეოდალიზმის შავბელი რეაქციული ძალების წინააღმდეგ. პოემა შეიქმნა  როგორც ტრიბუნის საბრძოლო ქადაგება, როგორც იმდროინდელი მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის დოკუმენტი.
     მისი პოემა-მეამბოხე რენესანსის პოემა-მიმართულია შავბნელი შუა საუკუნეების წინააღმდეგ. პოემის მიხედვით საცნაური ხდება,რომ ავტორი, დროისთვის უაღრესად განათლებული პირი, შეუდრეკელი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა, მოგზაურმა, გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, ფილოსოფოსმა შეისისხლხორცა იმ ეპოქის კულტურის საუკეთესო მიღწევანი. ახალი ტიპის ადამიანისათვის მებრძოლი რუსთველი ყველაფერზე მაღლა აყენებს ადამიანის გონებას. იგი ადიდებს სიცოცხლის მომნიჭებელ მზეს, ცეცხლსა და სიცოცხლეს, მაღლდება უდიდეს ფილოსოფიურ განზოგადებამდე, მისი გმირები იმ დროის უმაღლესი კულტურის წარმომადგენლები არიან. მისმა ფილოსოფიამ დაასწრო დასავლეთის რენესანსის დიდი ჰუმანისტების მოძღვრებებს. საუკუნეების განმავლობაში რუსთველის ლექსი ხალხს აღაფრთოვანებდა ბრძოლასა და დღესასწაულში. პოემის ავტორი იყო მგზნებარე მებრძოლი, ჭეშმარიტი შვილი თავისი ხალხისა და მსოფლიოს უდიდესი მოქალაქე.
     აი რატომაა ახლობელი ჩვენთვის რუსთველი. ჩვენ გვიყვარს მისი უკვდავი ნაწარმოები. მწერლები მისგან სწავლობენ.
     ყოფილი მეფის რუსეთის ხალხებმა, გათავისუფლებულმა დიდი ოქტომბრის მეოხებით, შექმნეს მძლავრი სოციალისტური ქვეყანა, რომელიც იქცა წარსული საუკუნეების ყველა პროგრესული მოღვაწის ბედნიერ სამშობლოდ.
     საბჭოების ქვეყანაში, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ნამდვილად ღირსეულადააა დაფასებული წარსული საუკუნეების პროგრესული მოღვაწეები და მათი  ნაწარმოებები პირველად იქცა მილიონობით მშრომელთ საკუთრებად.


ა.პალადინი   1937.
                        უკრაინელი ხალხი კითხულობს რუსთველს
   მხოლოდ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდგომ შეძლეს ჩვენი დიდი სოციალისტური სამშობლოს ხალხებმა ქართველი ხალხის გენიოსის უკვდავი თხძულების წაკითხვა, შესწავლა და მისით ტკბობა. ნათელი ფერებით აელვარდა ა.პუშკინის, ტ.შევჩენკოს, რუსთველის ქმნილებანი. სსრ კავშირის ხალხი ამჟამად დიდი დიყვარულით სწავლობს უდიდესი ქართველი პოეტის საოცარ პოემას, კითხულობს მას მშობლიურ ენაზე.
    უკრაინელ ხალხს ახლა შესაძლებლობა აქვს მშობლიურ ენაზე წაიკითხოს "ვეფხისტყაოსანი", რამეთუ იუბილესათვის რუსთველის პოემა თრგმნა უკრაინელმა პოეტმა მ.ბაჟანმა. თარგმანი შესაძლებლობას აძლევს უკრაინელ მკითხველს გაეცნოს უკვდავ პოემას, რომელიც მოგვითხრობს რაინდთა თავდადებულ მეგობრობაზე, საერთო-სახალხო მეგობრობაზე. პოემის უკრაინული გამოცემა დასურათებულია ნიჭიერი ქართველი მხატვრის ქალის თ,აბაკელიას მშვენიერი ილუსტრაციებით.


ო.ბორტი    1966.
                                 მეგობრობით გასხივოსნებული
     ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მწერალმა ა.ნავროცკიმ უკრაინულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". ამის შემდგომ მთელი რიგი ოსტატებისა თარგმნიდა უკვდავ პოემას. ჩვენს დროში გამოჩენილმა უკრაინელმა პოეტმა მ.ბაჟანმა 10 წელი მოანდომა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას. ხუთჯერ გამოიცა მისი თარგმანი და "ვეფხისტყაოსანს" ყოველთვის თან მოჰქონდა უშრეტი ძალა და სილამაზე ჭაღარა და მარად ახალგაზრდული პოეზიისა.
     ძველ ლვოვში, უკრაინული მიწის დასავლეთ განაპირას, "ვეფხისტყაოსანს" მაშინ გაეცნენ, როდესაც გალიცია უცხოელ დამპყრობთაგან იჩაგრებოდა. ხალხში მას ავრცელებდნენ საუკეთესო მამულიშვილები-ს.ტუდორი,
ი.გალანი და სხვ.
     ი.გალანი იხსენებდა ასეთ ეპიზოდს. 1939 წლის შემოდგომაზე დასავლეთ უკრაინის მიწაზე დიდი ხნის ნანატრი თვისუფლება მოვიდა. იმავე წელს ლვოველებმა მოაწყვეს დედა უკრაინასთან შეერთებისადმი მიძღვნილი მიტინგი. სიტყვით გამოვიდა გალიციის ევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი კ.პელეხატი, რომელმაც ილაპარაკა მეგობრობაზე, კერძოდ უკრაინელთა და ქართველთა ძმობაზე. მქუხარე ოვაციით შეხვდნენ მის სიტყვებს: "დნეპრზე და ჩერემოშზე, ჭაღარა კიევსა და ძველ ლვოვში,-უკრაინის მთელ მიწაზე,-სიყვარულით წარმოთქვამენ დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთველის სახელს.საუკუნეთა სიღრმიდან მოვიდა იგი ჩვენთან და მშობლიური გახდა ყოველი უკრაინელისათვის".
      თავისუფალ უკრაინაში რუსთველის ქმნილება მთელი ხალხის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქართველ პოეტზე თხზავენ ლექსებსა და სიმღერებს.
      ცოცხლობს და უღიმის კაცობრიობას უკრაინული მიწის ბრძენი მეგობარი, ქართული პოეზიის სინდისი რუსთველი. იგი სისხლხორცეულად შეეთვისა უკრაინას, რომელმაც მსოფლიოს მისცა ტ.შევჩენკო და ი.ფრანკო, მ,კოციუბინსკი და ლ.უკრაინკა.  



ბ.გემბარსკი
                 ქართული ლიტერატურა და პოლონეთის საზოგადოებრიობა
     "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა დავიწყე ისე, რომ არ ვიცოდი, თუ ასეთსავე შრომას ეწეოდა ი. ტუვიმი, რომლის განკარგულებაშიც იყო რუსთველის პოემის პწკარედი. მე არ მქონდა "ვეფხისტყაოსნის" პწკარედი, ამიტომ ვისარგებლე არსებული რუსული ტექსტებით. გამოვიყენე თითქმის ყველა თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა თარგმანების შედარებისას გამოირკვა, რომ დაშორება მათ შორის ძალზე დიდი იყო. ტექსტში მთარგმნელებს იმდენი გადახვევა ჰქონდათ, რომ ხანდახან ვეღარ გაიგებდი ორიგინალის პირველ აზრს. ამის გამო, ბუნებრივია, შეცდომები მეც ვერ ავიცილე თავიდან.
     ყოველივე ამის შედეგად პროლოგის ჩემი ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ი. ტუვიმის თარგმანისაგან, რომელთან შედარება შევძელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი ტექსტის პირველი რედაქციისა გამოქვეყნდა ჟურნალის ფურცლებზე. პროლოგის პირველსავე სტროფებში მე და ი. ტუვიმი დავცილდით ერთიმეორეს და შემდეგ განსხვავება ჩვენს თარგმანებს შორის თანდათანობით მატულობს. ვიღებ რა მხედველობაში იმ ფაქტს, რომ ი. ტუვიმს ხელთ ჰქონდა სიტყვასიტყვითი თარგმანი, ვრწმუნდები, რომ ფანტაზიამ საკმაოდ შორს წამიყვანა.
     ეს ყველაფერი ეხება პროლოგის პირველ ნაბეჭდ რედაქციას, რომელიც არ შევა საბჭოთა აღმოსავლეთის ქვეყნების პოეზიის კრებულში.
     ტექსტის ეპიკური ნაწილის თარგმნა შედარებით ადვილი იყო და ამიტომ შეცდომებიც ნაკლებია, ვიდრე ლირიკული პროლოგის თარგმნის დროს.
     ზემოხსენებულ კრებულში გამოქვეყნდება "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი თავები: "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა", "ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა" და ის თავები, რომლებიც ქაჯეთის ციხის აღებას ეხება.
     რუსთველის გენიალური პოემის ეპიკური ნაწილების თარგმანი პროლოგთან შედარებით უფრო ზუსტია.
                                                                                                                   1956
   


პ.ბროვკა     1966.
                                       უშრეტი წყარო
       ჩვენ ყველანი ამ დღეებში რუსთველზე ფიქრებით ვცხოვრობთ. რამდენმა საუკუნემ განვლო-გაქრა ბევრი ქალაქი და სამეფო, ისტორიას ჩაბარდა ოდესღაც სახელჰანთქმულ მბრძანებელთა სახელები, ხოლო საქართველოს ფიქრთა მპყრობლის, მისი დიდი შვილის სახელი და გენიალური ქმნილება უკვდავია.
     საუკუნეები გავიდა, მის მკითხველთა წრე  კი არათუ არ შემცირებულა, არამედ წარმოუდგენლად გაიზარდა. რატომ აქვს ასეთი უდიდესი წარმატება ამ შესანიშნავ პოემას? იმიტომ, რომ რუსთველის ფიქრები შორს სწვდებოდა მომავალ წლებს და ქადაგებდა უაღრესად ღრმა იდეებს,ადამიანთა გულს რომ აღელვებს-თავისუფლებასა და ძმობას. იმიტომ,რომ დიდი სიბრძნე, რომელის დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობა, მისი შესანიშნავი პოემის ყოველი სტროფიდან გამოსჭვივის. აი რატომ არის, რომ ახლაც, პოემის დაწერიდან მრავალი და მრავალი წლის შემდეგ, იქ ვპოულობთ პასუხს ცხოვრების მრავალ კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვაღელვებს.
    რუსთველის პოემას ღირსეული ადგილი უჭირავს კაცობრიობის დიად ქმნილებათა შორის. დიდი პოეტის სახეს მე ყოველთვის ვხედავ აზრის იმ გიგანტთა შორის, რომლებსაც საუკუნენი წარმოშობენ.
    რუსთველმა დიდებით შემოსა თავისი ხალხის უდიდესი სასიცოცხლო ძალა. მის უკვდავ სიტყვებზე დაყრდნობით მის საყვარელ მშობლიურ ქვეყანაში შესანიშნავი გარდაქმნები ხდება.ჭიათურა და ქუთაისი, ფოთი, დიდებული თბილისი-ახლა ბევრ რამეს ეუბნებიან თითოეული ჩვენგანის გულს თავიანთი უბადლო საქმეებით.
     ჩვენ ვფიქრობთ საქართველოზე და ვხედავთ დღეს მისი წიაღის სიმდიდრეს, რომელის მის შვილთა გონებამ მოიპოვა და მარჯვენამ ხალხის სამსახურში ჩააყენა. ვხედავთ აყვავებულ ბაღ-ვენახებს, ვხედავთ მათ მიერ შექმნილ მრავალძალოვან მანქანებს, გვესმის მშვენიერი სიმღერები ხალხის სადიდებლად რომ შეუქმნიათ რუსთველის ღირსეულ მემკვიდრეებს-პოეტებსა და მუსიკოსებს.
    ამ დღეებში ჩვენს ბელორუსიაშიც ყველგან იმართება საქართველოს დიდი შვილის-შოთა რუსთველისადმი მიძღვნილი საღამოები. იგი მშობლიური და მახლობელი გახდა ჩვენი დიადი სამშობლოს ყველა ხალხისათვის. იგი ჩვენთვისაც, ბელორუსებისათვის საყვარელი და ძვირფასია.
   ჭეშმარიტად უშრეტი წყაროა მისი დიდებული პოემა.



ა.თაჯიბაევი
                      ქართული ლიტერატურის მარგალიტი ყაზახურ ენაზე
       თუ გასულ წელს ყაზახ მკითხველს კანონიერი სიამაყის გრძნობით მივაწოდეთ ა.პუშკინის უკვდავ თხზულებათა თარგმანი ოთხ ტომად, ამჯერად ასეთივე სიამაყით ვაწვდით დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთველის გენიალურ ქმნილებას. ჯერჯერობით უაზახი პოეტების მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" გამოდის შემოკლებული სახით.
   "ვეფხისტყაოსნის" რუსულ ენაზე პირველმა მთარგმნელმა კ. ბალმონტმა, უდიდესი ტალანტისა და კულტურის პოეტმა, შიდა რითმების შენარჩუნების მიზნით დაანაწევრა რუსთველის ფრაზები, რის შედეგად დამახინჯდა საკუთრივ ავტორის აზრი.
     ამ თვალსაზრისით ჩვენი თარგმანი შედარებითახლოს დგას ორიგინალთან. ყაზახურ ენას მოხდენილად მიესადაგა ზომა და რითმები. სტროფის ყველა ტაეპი გარითმულია ერთი და იმავე რითმით. პოეტი-მთარგმნელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ რუსთველის ფილოსოფიური აზრების გადმოცემას.
     საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყაზახ მკითხველებში შორეული დროიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობგა მრავალი აღმოსავლელი პოეტი. ფირდოუსის "შაჰ-ნამე", ნიზამის "ლეილმაჯნუნიანი" ორგანილად შევიდა ყაზახური ლიტერატურის ოქროს ფონდში.
      აღმოსავლეთის პოეტებთან ნაცნობობამ შესამჩნევად გაადვილა რუსთველის თარგმნა ყაზახურ ენაზე.
     ქართული ენის არცოდნა, თარგმნა პქკარედის მეშვეობით არ გვაძლევდა საშუალებას ყაზახი მკითხველებისათვის სრულად მიგვეწოდებინა გენიალური პოემის მომხიბვლელობა და მუსიკალობა. ამ თვალსაზრისით ჩვენ, ყაზახი პოეტები, ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით იმ მთარგმნელებს, რომლებიც პოემას ორიგინალიდან თარგმნიდნენ. ამით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დაიჩარდილოს ყაზახი პოეტების ნაღვაწის, რომ პარტიამ და მთვარობამ მოგვანდო ასეთი უზარმაზარი სამუშაო, რომელსაც ყაზახმა პოეტებმა წარმატებით გაართვეს თავი.



მ.ზიჩი
                                                      წერილი ძმისადმი
     თავადის ქალმა ბარათოვამ მთხოვა რაღაც ქველმოქმედების თვალსაზრისით, დამედგა ცოცხალი სურათები უძველესი ქართული ნაწარმოებიდან-"ვეფხისტყაოსნიდან". ცოცხალი სურათების წარმოდგენაში მონაწოლე პირები უმთავრესად თავადები და თავადის ქალები იყვნენ, მოკლედ, მთელი არისტოკრატია! მათი დახმარებით თეატრში დავდგი რეპეტიცია, მოქმედი პირები თეატრში დარჩნენ, იქ სვამდნენ და ჭამდნენ, რვა საათზე კი დავიწყეთ წარმოდგენა. ნაშუაღამევს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თითქმის მთელი ძარღვები მიკანკალებდა. წარმოდგენამ წარმატებით ჩაიარა. ძალიან რთული ამოცანა იყო. უკანასკნელ სურათში 150 კაცი მონაწილეობდა, დანარჩენებში კი -30-40 პირზე მეტი! ყოველივე ეს პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლებით იყო გაჭედილი, მათ აღფრთოვანებას საზღვარი არა ჰქონდა. ცალკეულ სურათებს შორის იმდენჯერ გამომიძახეს სცენაზე, თვითონაც აღარ მახსოვს. საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნდა, რა სასიამოვნო გრძნობა ყოფილა, როცა მაყურებელი თაშით სცენაზე გიხმობს. სამადლობელ რევერანსებს ათასგვარი გრაციით ვალამაზებდი. უკანასკნელი სურათის შემდეგ იმდენჯერ გამიყვანეს სცენაზე, სათვალავი არ ჰქონდა. მაყურებელთა ტაშის ხმა არ წყდებოდა. ხელი ჩამკიდეს, სცენიდან აღარ გამიშვეს, იმდენი მაბურთავეს, რომ თავბრუ დამეხვა. თურმე ადამიანი ასეთ უხერხულობაში ყოფნასაც ეჩვევა. თავადებისაგან დამფრთხალი ვიმედოვნებდი თავად ქალებთან გავმძვრალიყავი. მაგრამ აქაც მომნახეს და ისევ მაყურებლის წინაშე გამიყვანეს, რომელიც გაშმაგებით უკრავდა ტაშს და შეძახილებით აყრუებდა დარბაზს. სახალხოდ დავუკოცნე ხელები ჩემთან ახლო მდგომ მშვენიერ თავადის ასულებს. ჩასაფრებული ხალხი თეატრის შესასვლელთან მელოდებოდა. ისინი ალბათ ხელში ამიყვანდნენ და ისე წამიყვანდნენ სახლში, რომ ქურდებისათვის კარგად ცნობილი ხერხი არ მეხმარა და მე თვითონს არ დამეწყო სხვებსავით "ბრავო ზიჩის" ძახილი. თეატრის შესავლელთან ქუჩა გადავკვეთე და სიბნელეში გავუჩნარდი. ხვალ, კვირას, წარმოდგენას გავიმეორებთ (ალბათ ეს წარმოდგენა რეპერტუარს სამუდამოდ შერჩება). გენერალურ რეპეტიციას მე ვხელმძღვანელობ. საღამოს წარმოდგენას კი საეჭვოა, რომ დავესწრო. თავადის ქალმა ბარათოვამ, რომელმაც ითავა ამ ცოცხალი სურათების დადგმა, წარწერით-ლეკური ნახელავი. თუკი ვინმე მათ სამსახურს გაუწევს, ისინი ყოველთვის მზად არიან გადაუხადონ მას ეს სამსახური, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უნაზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.
                                                                                                                           1882


                                         მიხაი ზიჩი ქართულ ლიტერატურაში
        ქართული ლიტერატურის უდიდესი სიამაყეა რუსთველის დიდი პოემა "ვეფხისტყაოსანი" ("ვეფხის ტყავი"). 1593 სტროფისაგან შემდგარი თხზულების მდიდრულად გაფორმებული გამოცემა უახლოეს მომავალში იხილავს დღის სინათლეს. ჩვენს თანამემამულეს მხატვარ მ. ზიჩის სთხოვეს თხზულებისათვის ილუსტრაციების მომზადება. ერთმა ქართველმა ლიტერატურის მოყვარულმა, გ. ქართველიშვილმა ათი ათასი მანეთი შესწირა გამოცემის ხარჯების დასაფარავად. პოემა მალე ხელმისაწვდომი გახდება ევროპელი მკითხველისათვისაც, რადგან თბილისის "კავკაზის" რედაქციის ერთ-ერთი თანამშრომელს ი. მეუნარგიას იგი ფრანგულ ენაზე უთარგმნია.
                                                                                                                                  1884



                                            უცნობი ქართველი პოეტი
     აკადემიის სხდომაზე წევრ-კორესპონდეტმა ბელა ვიკარმა დამსწრეთ გააცნო მათთვის უცნობი ქართველი პოეტის შოთა რუსთველის რომანტიკული ეპოსი "ვეფხისტყაოსანი".
     რუსთველი ცხოვრობდა XII საუკუნეში, როდესაც საქართველო კავკასიის ხალხთა შორის მძლავრი და მოწინავე კულტურის ქვეყანა იყო. მის მიერ წარმოდგენილი ნაწყვეტები პოემისა შესაძლებლობას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ დედნის მშვენიერებაზე და ადასტურებს, რომ პოეტი, რომელიც ცხოვრობდა 700 წლის წინათ, დღესაც ეპოქის თანხმიერია და მისი ქმნილების თარგმანი უნგრულ ენაზე ტოლს არ დაუდებს ორიგინალს.
                                                                                                                                1912
                                     
ლ. ლევინი
                                    შოთა რუსთველის 800 წლისთავი
     გენიალური პოეტი შოთა რუსთველი იყო აღმოსავლური რენესანსის ბაირახტორი. შენთვისა რა თავის წინამორბედთა მხატვრული ფასეულობა, მან შექმნა ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრი-"ვეფხისტყაოსანი".
     დროსი სიშორის, პირველ რიგში კი საქართველოს ავბედითი ისტორიის გამო არ შემონახულა დოკუმენტები ქართველი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც ვიღებთ ცნობებს შოთა რუსთველის ცხოვრების შესახებ, მისი უკვდავი პოემაა. პოეტის დაბადების ადგილიც კი საკამათოა. რუსთველი სადაურობის აღმნიშვნელი ზეწოდებაა. რუსთავის სახელით საქართველოში რამდენიმე პოუნქტი აღინიშნება. განსაკუთრებულ მეტოქეობას უქევდა ერთმანეთს ორი რუსთავი-ჰერეთისა და მესხეთის რუსთავი, რომელიც ითვლება ძველი ქართული ლიტერატურის აკვნად. "ვეფხისტყაოსანი" მიგვანიშნებს, რომ რუსთველი წარმოშობით მესხეთიდანაა, სადაც მდებარეობს სოფელი რუსთავი. მას თავს ადგას არცთუ მაღალი მთების მწკრივი. ერთ-ერთი მთის მწვერვალზე შემორჩენილია ნანგრევები ციხე-სიმაგრისა, რომლის მფლობელი, გადმოცემის თანახმად, პოეტი ყოფილა. ადგილობრივი მცხოვრებნი მას რუსთველის ციხეს უწოდებენ.
     პოეტს ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონია. დიდებული წარმომავლობისა და იმ მდგომარეობის მეოხებით, რაც მას ეჭირა, რუსთველი თამარის სამეფო კარზე მოხვდა. მეფე ქალის სილამაზითა და გონიერებით მოხიბლულმა ვერ შეძლო გრძნობებისა და აღფრთოვანების დამალვა და ეს გაამჟღავნა პოემაში. დაირღვა საკარო ეტიკეტის ნორმები და საერთოდ მიღებული წესები. დედოფალი, რომლის კეთილშობილურ სახელს ჩრდილი მიადგა, იძულებული გახდა მიემართა რეპრესიებისათვის.
     რუსთველმა მიიღო სათანადო ჰუმანიტარული განათლება. იგი სწავლობდა სახელგანთქმულ გელათის აკადემიაში, სადაც ერთხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, რომელმაც გავლენა მოახდინა პოეტის სტოიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. შოთამ იცოდა ბერძნული ენა, რამაც საშუალება მისცა გასცნობოდა ბერძნული მითოლოგიისა და ლიტერატურის საგანძურს. პოეტი ბევრს მოგზაურობდა, ეცნობოდა საქართველოს ყოველ რაიონს, შეისწავლა ზეპირსიტყვიერი შემოქმედება და მშობლიური ქართული დიალექტები. ამის მეშვეობით შოთამ გავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურული ენის ფორმირების პროცესზე. პოეტის ცხოვრების მრავალი ეპიზოდი წყვდიადითაა მოსილი. ცნობილია მხოლოდ, რომ მან სიცოცხლე დაასრულა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
     რუსთველის პოეზიას ასაზრდოებს სამი წყარო: ხალხურობა, ფილოსოფიური განსწავლულობა, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ძეგლები.
     რუსთველის პოეზიის ხალხურობა ფართო ცნებაა. ის მჟავნდება სიტყვიერ შედგენილობაშიც, რომელიც პოეტმა გამოსჭედა მომავალი თაობისათვის, და ზნეობაში, რაც სამუდამოდ დააკანონა პოეტური სიტყვის მეშვეობით. "ვეფხისტყაოსნის" მთელი პოეტური სამყარო ნასაზრდოება ქართული ლეგენდებითა და ხალხური ზღაპრებით. რუსთველის პოეზიის ფილოსოფიური წყაროები მეტად მრავალფეროვანია. ისინი მოიცავენ არა მარტო უძველეს ფილოსოფოსებს (ძირითადად პლატონს), არამედ ქართველ ფილოსოფოსებსაც, დაწყებულს პეტრე იბერიდან, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში ცხოვრობდა.
     პოეტის შემოქმედების ლიტერატურის სამი კლასიკოსი: მოსე ხონელი, შავთელი და გამოჩენილი ლირიკოსი ჩახრუხაძე.
     "ვეფხისტყაოსნის" შინაარსი შედარებით არცთუ ისე რთულია, ოღონდ მკითხველს აცვიფრებს თხრობის მრავალფეროვნება და დრამატიზმი. მოქმედება პოემაში ვითარდება ბუნებრივად და დინამიკურად, რუსთველი ძლიერი გრძნობებებიდა და მძაფრი ვნებების პოეტია. კეთილშობილი რაინდის ტარელისა და მისი ლამაზი მიჯნურის ნესტან-დარეჯანის უბედურება მკითხველში გულითად თანაგრძნობას იწვევს. აღტაცებაში მოვყავართ ავთანდილის გმირულ საქმეებს.
     პოემის აფორიზმები ლაკონიური და ფრთაშესხულია. პოეტის აფორისტული თქმები გამოხატავს ხანგრძილივი გამოცდილების ნიადაგზე მოპოვებულ ცხოვრებისეულ სიბრძნეს.
     მრავალრიცხოვანი ფილოსოფიური და ლიტერატურული წიაღსვლების მეშვეობით ვგებულობთ რუსთველის შეხედულებებს სხეულისა და სულის მრავალი პრობლემის ირგვლივ. რუსთველის შეხედულებებს სხეულისა და სულის მრავალი პრობლემის ირგვლივ. რუსთველის გამონათქვამებით შესაძლებელი ხდება პოეტის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მსოფლმხედველობის დადგენა. მისი პოლიტიკური იდეალი იყო ძლიერი ვასალების სეპარატისტულ ზრახვათა წინააღმდეგ. პოეტის შეხედულებებთანაა დაკავშირებული მისი ღრმა პატრიოტიზმი. სახელდობრ ამან უკარნახა პოეტს გამოსულიყო დამცველად ძლიერი სამეფო ხელისუფლებისა, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უშიშროების უზრუნველყოფის ძალა შესწევდა. ამავე პატრიოტიზმმა წარმოათქმევინა პოეტს მწარე სიტყვები სპარსთა მიმართ, რომელთაც საქართველოს ისტორიაში მრავალი შავი ჩაწერეს.
     რუსთველის პოეზია მდიდარი და მრავალსფეროვანია. პოეტმა უკუაგდო ძველი ქართული მწრლობის არქაული პრინციპები და ლიტერატურული ენა დაუახლოვა სასაუბროს. რუსთველის ლექსის ენა უბრალო, მსუბუქი და გამომსახველობითია, რითმა-კეთილხმოვანი და ორიგინალური, გავცვიფრებს ლექსის არაჩვეულებრივი მელოდიურობა, მეტაფორათა და ალიტერაციათა ვირტუოზულობა. ლექსის საზომი-შაირი, რომლითაც დაწერილია პოემა, XII საუკუნემდე ბევრად ადრეა შექმნილი. მისი ძირები საძებნია უძველეს ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. დიდი შოთა სტროფს ისე თხზავდა, რომ უკანასკნელი ტაეპი წინა სამის რეზიუმეს წარმოადგენდა. ამის გამო პოეტის საყოველთაოდ ცნობილი აფორიზმები სტროფის მეოთხე ტაეპშია მოქცეული.
     XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" კლასიკური, შუასაუკუნეობრივი რაინდული ეპოსია, რომელიც უმღერის სიყვარულს, რაინდობასა და ქალის კდემამოსილებას. მაგრამ ამით იფარგლება პოემის არსი. ადამიანი და მისი ბედი-აი ადრეული რენესანსის ამ შედევრის ჰუმანისტური შინაარსი.
     ტრაგიკულ მომენტთა და პოეტის მწარე გამონათქვამთა მიუხედავად, რომლებიც ხშირად გვხვდება თხრობისას, "ვეფხისტყაოსანი", საერთოდ, ოპტიმისტური თხზულებაა. ესაა პოემა მეგობრობაზე, ძმადნაფიცობასა და სიყვარულზე.
     რუსთველის პოემა თარგმნილია მსოფლიოს მრავალს ნაზე. უნდა აღინიშნოს საქმიანობა ი. ტუვიმისა, რომელსაც განზრახული ჰქონდა "ვეფხისტყაოსნის" სრული თარგმნა, მაგრამ დაგვიტოვა მარტოდენ პროლოგის ბრწყინვალე თარგმანი. მოგვიანო ხანის თარგმანთაგან უნდა მოვიხსენიოთ ი. სიკირიცკისა და ე. ზაგურსკის ნამუშევრები.
     "ვეფხისტყაოსანი" საქართველოში ეროვნულ სიწმინდეს წარმოადგენს. საუკუნეთა მანძილზე ის იყო ყველაზე ძვირფასი შემადგენელი ნაწილი მზითევისა ოქროსა და ძვირფას ქვათა გვერდით.
     განასახიერა რა პოემაში თავისი ხალხის იდეალები, შოთამ შექმნა შედევრი, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. სხვადახვა ეროვნების წარმომადგენელთა ძმადნაფიცობა სიმბოლურად ასახავს ხალხთა შორის მეგობრობას. პოემის ჰუმანური იდეა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც მთელი მსოფლიო აღნიშნავს გენიალური ქართველი პოეტის დაბადების 800 წლისთავს.
                                                                                                                            1966

                                 

No comments:

Post a Comment