ლექსები

„ვეფხისტყაოსანს“
ხელში აგიღებ… გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი…
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა – ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.
წიგნი კი არა – ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!
წიგნი კი არა – დილა ხარ,
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.
ქაღალდზე გწერენ… სიტყვების
ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ –
ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.
გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამერცხლებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!
უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!
შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.
გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.
შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროსხმოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“
წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავსოქროგადანაყარი.
შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა, ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს – ვეფხვი თანაზიარი.
შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.
შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ
გული არ დაგიძველდება,
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!
აახმაურე სამშობლო,
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურმარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.
მიჯნურს გულადუღებულსა,
სიცოცხლეს დაუელვარებ;
ლაშქარს უსარდლებ სარდალი,
ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.
სიყვარულს სიყვარულითა,
ძმობით ძმას ეპასუხები,
დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,
დავდგებით, როგორც მუხები.
შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.
შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.ქალაქები და სოფელ
კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარსი,
სიმღერა, გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.
გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა, –
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!
გიორგი ლეონიძე  1937 წ.                                                           
                              
            უკვდავი შოთა

გორის მზე იძირება წყვდიადში,
ურემი მიჭრიალებს მთის ძირსა,
მახვილი მიმალულა თივაში,
ერთს, რუსთველს არ ხვდა წილი მიწისა.
დაეხეტება უცხო მხარეში
დაღლილი რაშით ამ სოფლად მარტო,
შორი ტრამალი ნაღველს აუშლის
გენიალური პოემის ავტორს.
სადღაც შორს,მთაზე მესხი ჩანს ვინმე
ზურნის ცეცხლებრ ხმა ჩამოდის ბარად.
ყარიბო, დროა შეჩერდე უკვე
ამ მიწა-წყალთან, ნიჩაბი დავკრათ,
ჩვენს სულებს ქარი სურნელს დაუკმევს
როს ჩვენს ნატერფალს გრო აქცევს მტვრადა.
შენს მისწრაფებას, შენს ლტოლვას-ვიცი,
შეუერთდება ეს ჩემი ქნარიც,
მაშინ იქუხებს ხმა შენი მიწის
და მოყვარედ გვცნობს, ვინც მოყვრად სვანი.
გვერდ ვინ აუქცევს ჟამთა სიავეს
დრძოლისკენ იწევს გული, ვით ქორი,
შეჩერდი, სად ფერფლს და ყლორტს მიაგნებ,
რადგან ჩვენ დროით ტოლი ვართ ორნივ.
ამ ცის ქვეშ თავი დაგვეფიფქება
და სახელს შენსას, დიდი რუსთველის,
წილად ერგება ქებათა ქება,
ხალხი შეგამკობს შესხმით უთქმელით.
ან მოგზაური მიუსაფარი
მიეხალები თავდახრით თამარს,
ან ოატიებას სთხოვ ქაჯთა ამქარს,
ბედნიერებას რომ მისწვდე თამამს.
ზღვის ხმას ინატრებს მდინარე მაშინ
დაშენ არწივის ამაყ ფრთებს გაშლი,
დასავლეთისკენ იარ ძნელი გზით
და აღზევდები სულ მაღლა-მაღლა.
დე გევიწროოს სივრცე მიწის, მზის
არასდროს იგრძნო ამისგან დაღლა.
გორის მზე იძირება წყვდიადში
სულდგმულს აჟრიალებს ხმისგან საკრავის,
ლდე ჩამოინგრა, გაქრა სილაში 
მის მკერდს ჩამოჰყვა წვიმის ნაკადი.
ჭადრის ფოთლებმა იწყეს შრიალი
სიკვდილის კვალი ასეთი არი,
მაგრამ ვერ მოკლავს იგი ბრძნულ სიტყვას.
ის ჩვენში ცოცხლობს,
ვენს შემდეგ გაძლებს,
უკვდავი შოთა-ამიტომ ითქვა,
ხალხი ატარებს გულით მის აზრებს.

     ა.მალშიკო  1937.


          რუსთველი

გასჭერ უკუნი და შემოხველ სინათლის მფენი,
შენ წარსულიდან, ვით ავრორა შუქმოხასხასე.
ოქროს ჩარჩოთი ეგ მზიური სიმღერა შენი
მოგვაქვს, გვინათებს დიდებული მომავლის გზაზე.
სად ახალ გმირთა ლაშქრობანი ლექსებში ვაქეთ,
შნი მკაფიო შაირები ჟღერს ჩაუმქრალად.
ჩვენც გვიხარია, ჩემი ქვეყნის ხარ სიამაყე,
დიდ საქართველოს რუსთველო, უკვდავო მარად.

    ვ.სოსიურა  1937.
    

        რუსთველის საფლავი

ბრძენს, რუსთავიდან წამოსულს, გზაში
დაშაშრებოდა ფეხები წყლულით,
და მაინც მწირის ანაფორაში
მოჰქონდა ცეცხლით მგზნებარე გული.
ახსოვს მონასტერს აქ მოსვლა მგოსნის,
მაგრამ იცოდა თვით ღმემ განა,
რომ შიგ ავტორმა "ვეფხისტყაოსნის"
ნათელმზიანი დღე შეიტანა?
რომ მოიტანა შორეულ გზებით
შვება, მშვიდობა უმძიმეს დროსა
და მიაპყრობდა თვალებსაც გზნებით
ის პალესტინის უნაზეს რტოსა?
მოვიდა ის და ათინათინდა
მზე...
და მზის შუქი წყვდიადს ედება-
ააფერადეს ფრესკები წმინდა
კავკასიონის ვერცხლის ქედებმა.
გაფრინდნენ წლები ბევრ საუკუნის...
მაინც არ ასცდა პოეტის საფლას 
ხმები ქვემეხთა მკაცრი გუგუნის
და ცაზე ცხელი ტყვიების ლამბვა.
ო, შოთავ!
მარად წარსულში ბრწყინავ,
შენ როდი გჩრდილავს წყვდიადის კუბო!
შენ სიტყვით ჰქუხარ ისე, ვით წინათ,
და მშვიდობისმტრებსგულს შუა უპობ!
შენ ყველა იცან, სიმართლის შვილო,
დაგმე ბნელეთის ავი ნარჩენი,
და ულმობელი და სასიკვდილო გამოუტანე ბნელს განაჩენი.

    გ.პლოტკინი  1959.


             სიყვარული

მის მიწიერ კვალს ვეძებდი ადრე,
შორეთს რწმენით გათელილ შარას...
თურმე დანტეს და შექსპირის დარად 
ისიც ყველასგან ფარავდა დარდებს.

   მაგრამ თვით ქვასაც გახეთქავს შფოთვა,
   კლდეზეც ამოვა თესლი უთვლელი,
   იქ, სადაც მდგარა ბრძენი რუსთველი,
   სადაც მღეროდა უბადლო შოთა.

მღვიმეთა მიღმა ვუსმენდი ქარებს,
ახსნას ვლამობდი ფიქრებით სავსე:
რა ამწუხრებთ ფრინველებს ასე:
როცა ტოვებენ მშობლიურ მხარეს?

   ამ საიდუმლოს გარკვევას ვნატრობ,
   ვტოვებ ჩემს მამულს და ცის კამარას
   და მშობლიური ენის ამარა
   მეც რუსთველივით დავრჩები მარტო.

როს არსაიდან მელის ნუგეში
და ყელს მიღადრავს წყურვული მწველი,
ვიხსენებ: შოთა მთრთოლარე ხელით
ზეთისხილის რტოს მალავს უბეში.

   მთაზე შედგება ჩაფიქრებული,
   კვლავ სამშობლოზე დარდობს და ღელავს,
   მისი ფიქრები ეკუთვნის ყველა,
   საქართველოს კი ეკუთვნის გული.

ვხვდები: როს შოთა მარსა თუ მთში
გზას მიჰყვებოდა სევდით ფარულით,
მისი ხმით თურმე თვით სიყვარული
გედის სიმღერას მღეროდა მაშინ.

     მ.სინგაივსკი   1966.


         ჩვენა ვართ მეოცნებენი

ჩვენა ვართ მეოცნებენი, რადგან შევჩენკოს ვიცნობთ,
დიდებულ კობზარს ვაღმერთებთ, ვეთაყვანებით პუშკინს,
რადგან "ვეფხისტყაოსანს"-მარადიულს და მზის ტოლს-
ვიზეპირებთ და მშობლიურ წიგნად ვიხუტებთ გულში.
დაბინდულ ქლიავისფერი ქართლის მაღალი მთები 
ჰიმნს უმღერიან რუსთაველს, ვით კარპატები ჩვენ.
"ვეფხისტყაოსნის" ვარდები, ვარდები-მარადები
ქართველმა ძმებმა კიევშიც გადმორგეს აღმაფრენით.
შოთას პოემას, ღვთაებრივს, ჩემს ხალხს ვუკითხავ ახლა,
ვით ანბანს სიყვარულისა, ვით მეგობრობის ანბანს!
ო, შოთავ! შობილთა შორის პირველ პოეტად გსახავ
და ჩემს ქვეყანას ვუყვები შენი გმირების ამბავს.
ცისფერი დნეპრის ნაპირზე მე შენ ლექსი მართობს,
ლექსი-სიცოცხლის სიმღერა და სიყვარულის ფიცი.
ო. გმადლობთ! რადგან არასდროს არ მიღალატებს სატრფო,
შენი უკვდავი პოემა იმან ზეპირად იცის!

    ლ.ზაბაშტა   1966.


    ცოცხლობს რუსთველი

ვერც წელთა,  ქართა, ვერცა ავდართა
  ვერა ჰკრეს ხელი.
გადმოცემებში მთათა, ბართა
  ცოცხლობს რუსთველი.
ბროლის ჰანგების ეს ნაკადი-
  სიბრძნის მფრქვეველი,
აწ და მარადის, და მარადის
  ცოცხლობს რუსთველი.
მოვლო ელვარე მზის სხივთ დარად
  სამყარო მთელი,
კვლავ ლაჟვარდოვან მის გმირთ გვარად
  ცოცხლობს რუსთველი.
ისმენდა ძველად მის სიმთ ჟღერას
  მხოლოდ ქართველი,
ახლა მსოფლიოს ხალხთა ლხენად
  მზეობს რუსთველი.
   
   ი.კოლასი   1937.


       მზიურ შოთა რუსთველს 
     
ქართველი ქალი, მზის სხივები და მწვერვალები;
ყურძნის წვენი და განთიადი, დაისის მთვარე,
ბედნიერებით სავსე სახლი, სავსე თვალები, 
თითქოს ოცნებას გაუშლია ეს არე-მარე.

თაფლს ეზიდება მზრუნველობით ფუტკარი სკაში,
მწყემსი ამღერებს სალამურით ჰანგებს მხიარულს,
ტკბილ საქართველოვ! იალბუზით ასულო ცაში,
გულით ვესწრაფვით შენთან ,მღერას,შენთან სიარულს.

რუსთველთან ცოცხლობს სინამდვილე და თვით ზღაპარი,
ყოველ ქოხში და მთათა შორის მიმალულ ხევში;
ამაზე მღერის ანთებული ცაზე ლამპარი,
არწივის ფრენა და ტევრებში ფოცხვერის გეში.

გმირულმა ხალხმა გაიარა მთები და ვაკე,
სამშობლოს ორგულთ დაუნდობლად ებრძოდნენ, ჰგმობდნენ,
და მოიტანა მან რუსთველის სიტყვა და საქმე
სტალინის  სხივით და სახელით ანთებულ დრომდე.

გავიდა ბევრი საუკუნე, წავა მრავალიც,
ისევ ურყევად იდგომები,ამაყო ბუდევ,
და საქართველო სიმღერების გზით მიმავალი,
როგორც რუსთველი გადალახავს ჟამთა  სვლის ზღუდეს.

მთების ზღაპარი ალერსივით არის მზიანი, 
შორეთი სხივით და ბინდებით გვხიბლავს ადვილად,
წავიდა ყველგან,სადაც სახლობს ადამიანი,
შოთას ზღაპარი, შოთას ფიქრი და სინამდვილე.

ქართველი ქალი,მზის სხივები და მწვერვალები,
ყურძნის წვენი და განთიადი, დაისის მთვარე, 
ბედნიერებით ავსებული ქვეყნის თვალები,
თითქოს ოცნებას გაუშლია ეს არე-მარე.

    ი.კუპალა    1937.


შოთა რუსთველის სიმღერა

საქართველო- ბაღნარების ნაზი სუნთქვა,
ფერდობები,შუქ-ჩრდილებით ნალაქი...
აქ არც სხივს არდაკარგავს ზეცა უქმად,
გადააფრქვევს ხეივნებს და ქალაქებს.

მტევნის თათებს ცისკენ იწვდის
მოთმინებით რთვლობას დაელოდება.
და ალვები,კენწერო რომ მზის ქვეშ ეწვით,
დარაჯებად მწკრივდებიან ოდებთან.

აქ მყინვარი სიკაშკაშით მოგჭრის თვალებს,
ცის სილურჯეს სარკესავით აირეკლავს.
მას მისწვდება მხოლოდ ნატვრა, ნაფიქრალი,
რომ სიჩუმის უხმო ზარმა დარეკოს.

მას ფრთას მხოლოდ არწივი თუ დაატოლებს,
შეძლებს მიწის ზრახვის ცამდე ატანას.
ათასფერად იელვარებს მთაში ბროლი                                                               და მთის  გულში დაგუბდება მადანი.

ძირსდარცება ფრთა-ფოცხვერის გაკვალული,
სად მდინარიტალღა ნაპირს აწყდება,
და ბუჩქები, ერთურთს ისე ჩახლართული,
რომ კაცს უჭირს გზა და კვალის გაგნება.

ბუჩქის ძირას თუ ხოხბები განაბულან,
ხის ტოტიდან ისმის შაშვის ჭახჭახი.
აქ ყოველი მდინარე თუ ნაკადული
სავსე არის დაწინწკლული კალმახით.

საქართველოს მწვერვალები უნათლესი
რა ხანია ჭაღარა და თეთრია.
არ ბერდება მხოლოდ ლექსი რუსთველის,
რუსთაველი ქვეყნად ერთადერთია.

ძველებურად დააბიჯებს კარით-კარად
ყველა სახლში სიხარულის შემტანი,
სიმღერებში და ცეკვებში ცოცხლობს მარად,
მისი სტროფით ვესალმებით ერთმანეთს.

არასოდეს მიგვატოვებს შოთას ლექსი-
ხალხის გულში აღბეჭდილი სიტყვები,
შრომის დროსაც მისი ბრძნული რჩევა გვესმის,
ბრძოლის ველზეცთან შაირი მიგვყვება.

   მ.კალაჩინსკი    1940.


   მარადისობის პოეტს

შენი ლექსი ტბათა ბროლის სარკის დარად
ხალხის ფიქრს და ჟამთა სრბოლას აირეკლავს,
გრძნეულ წიგნში,ხალხის გულს რომ შერჩა მარად,
ტრფობისადა მეგობრობის ზარი რეკავს.

მსუბუქი და ფრთიანი სიტყვა შენი,
აზრი ელავს ლალებად და ალმასებად,
შენი მზის ქვეშ თოვლს ადნობენ ცრემლად კლდენი,
ხოლო ველი ყვავილობს და ლამაზდება.

გადაშლილი სტრიქონების უცხო ფარდაგს
სამი მოყმე სამოქმედოდ ინაწილბს,
შარავანდად შაირების შუქი ადგას
მოშაირის მარადიულ სიყმაწვილეს.

უზბეკეთში საქართველოს მთის ხმა გვესმის,-
რა შორს დარჩა ქიშპობა და მწარე ჟამი!-
ძმობის სიტკბო შვიცანით შნი ლექსით,
შევირძენით ტანჯვა ნესტან-დარეჯანის.

ჩვენ დანტესა და ფირდოუსს შევეთვისეთ,
არვინ დარჩა უბირი და უსწავლელი,
დღეს კი გვიდა, საუკუნეთ მიღმა ისევ
ჟღერდეს სიტყვა დიდი შოთა რუსთაველის.

ჟღერდეს სიტყვა საქართველოს ჰომეროსის,
სულს გვიდგამდეს დაუშრეტი აზრი წყარო,
კავკასიის ერთ მწვერვალად ყოველ დროში
იდგეს შოთა,უკვდავებას გვაზიაროს!

   ხ.რასულოვი     1937.


                  რუსთველს

შენ გული შენი აქციე ფარად
და გადაეცი ადამიანებს,
შენ შენი სიტყვა აქციე ხმალად
და დროთა ბჭენი გადაიარე.

შენ იმღერე და აღარ შებინდდა,
ხელში სიმღერა მზესავით გეპყრა
და საქართველოს მაღალ მთებიდან 
დიად მწვერვალად გახვედი ქვეყნად.

ჩვენთანაც მოხველ-მარადი მკვიდრი,
ადამიანთა გულთა მართალთა,
შენი სიბრძნე და სიმღერა დიდი
ჩვენს ტაშირებზეც ამოთავთავდა.

შენ გადაჰკვეთე სივრცენი ვრცელი
როგორც ტალღები ოკეანეთა;
და საქართველო დღეს შენი ენით 
ესაუბრება მთელ ჩვენს პლანეტას. 

    ა.თურუმბეთოვი     1966.


   რუსთველის ხელნაწერი

...ვინც იპოვისო რუსთველის პოემის დედანს,
მას ჭეშმარიტად უდიდესი ჯილდო ელისო;
არ მინდა ჯილდო, მაპოვნინა ოდესმე ნეტავ-
პერგამენტიდან
სჯობს ნესტანის
ღიმილს ვეღირსო...
ემირებისთვის თავდადებულ მეომრებს იქნებ
ნადავლად მოჰყვათ ეს პოემა საქართველოდან,
მაგრამ ხომ ვიცით,
უვიცთაგან 
დიდებულ წიგნებს
შუა აზიის კოცონებზე თუ რაც ელოდა...
 და მაინც ვეძებთ,მაინც ვეძებთ ვეფხვის პოემას,
ეგებ ვეფხვივით შეიფარეს უდაბნოებმა...


   ნაზარმათი    1966.


    შოთა რუსთველი

მარადიული ბნელეთის ჟამით
იყო ქვეყანა გადანათელი,
სენს დიდებასაც უქადდა ღამე, 
თუმცა მზესავით გედგა ნათელი.

შოთა რუსთველო! მე დაშნ ერთად
გამოვვლეთ გზები სავალად ძნელი,
გვეღირსა სივრცე ლაჟვარდის ფერთა
და საუკუნოდ დავამხეთ ბნელი.

აწ დაითრგუნა დროის წყვდიადი,
ელავს ბედბიერ დღის განთიადი,
დგას ოქროს ხანა ხელოვნებისა
სასწაულებრივ მხნე და დიადი.

მისი ხმა  მოგვწვდა ყველაფრის მიღმა,
შეგვაკავშირა ვინ და ვინ არა,-
შენ კავკასიის მთებიდან გიხმო,
მე ალა-თაუს მთებიდა მიხმო,
აგვამღერა და აგვამდინარა.

კავკასიონს და კასპიის ზვირთებს
გაოცებაში მოჰყავს მნახველი,
მაგრამ შნ უფრო მეტი იტვირთე
და საზღვრებს გასცდა შენი სახელი.

მზის შვილი იყაბ დაშნი სხივი
ყაზბეგის მთაზე ჩამოექანა,
მოხვედი ქვეყნად მგოსანი გმირი 
და გააოცე მთელი ქვეყანა.

    ჯამბული     1937.


  შოთას წყარო

დილაა. ბილიკს მივყვები
კავკასიონის კალთებზე,
ამ მთაზე ნატვრისთვლებივით
უცხო ყვავილებს ანთებს მზე.
გზად წყარო შემომეყარა,
ჭავლს ისვრის ნაპერწკლიანებს, 
ზეცის თვალივით ციმციმებს,
წმინდა ბროლივით ქკრიალებს.
წკრიალებს:
-ხალხი ოდითგან 
მეძახის შოთას წყაროსა,
ჩემი მჩქეფარე სიცოცხლე
თვით რუსთაველმა დალოცა.
ნადირობიდან მომავალს
ბევრჯერ მოვუკალ წყურვილი,
ჩაიმუხლებდა მდელოზე
ფიქრებით სემობურვილი.
ჩემს ირგვლის აღბეჭდილია
ნაფეხურები იმისი,
ავსილვარ,
გადავხატულვარ
პოეტის თვალთა ღიმილში.
მე ისევ ჩემს გზას გავყევი,
თან გამყვა წყაროს წკრიალი,
მთები მზეს მიფიცხებიან
ვეფხვურ ფერების რიალით.
უცებ მზისდარი სიმღერა
ქარივით ჩამომიქორლებს,-
მწყემსი ფანდურის ლარებზე
ამღერებს შოთას სტრიქონებს.
მტკვრის პირას ჩმოვივაკე,
წყალი აწყდება ნაპირებს,
მოდიდებული ტალღებით
გზაზე გადმოსვლას აპირებს.
ვკითხე:რად ღელავ, მდინარევ,
თქვა:მძიმე დარდი მაწვალებს,
შვიდასზე მეტი წელია,
დავეძებ შოთას ნაკვალევს.
ჩავუვლი სოფლებს, ქალაქებს,
მის თვალთა ელვას ნატრული,
მას ვერსადვხედავ,ჩამესმის
იმისი ტკბილი ქართული...
მტკვრის ხმა,ვით სუნთქვა ქარისა,
მოედო არემარესა.
მე ისევ ჩე,ს გზას გავყევი,
თან გამყვა დარდი მტკვარისა.
ერთი ქვა ვნახე,
ხალხს მისთვის
შოთას ქვა დაურქმევია,
მითრა:
-მთის ტოლა დარდი მაქვს,
გულს ნისლად ჩამიხვევია.
იყო დრო,როცა ვიყავი
მგოსნის სკამიც და მაგიდაც,
სიტყვა კი არა შარბათი
მოჩქეფდა მისი ბაგიდან.
მერე წავიდა. ველოდე,
აღარ მოჩანდა არსაით.
გავიგე,სადღაც შორს ჩაქრა
მისი სიცოცხლის ვარსკვლავი.
სიკვდილიდ წინა წუთებშიც
მშობელი მიწა ინატრა,
სადჩაქრა მისი სიცოცხლე,
ნეტავ სად დაიბინადრა?..
მე ისევ ჩემს გზას მივყვები,
მომყვება იმ ქვის ტირილიც,
ცად არწივები აიჭრნენ,
მთებს გადუქროლეს ყივილით.
შოთავ,
არწივთა არწივო,
შენ,სიბრძნის უსაზღვროებავ,
სადღა არ რეკავს შნი ხმა,
შენი უკვდავი პოემა.
მეც ვცადე სიტყვის შებედვა,
მკერდს მინგრევს გულის გუგუნი,
თუმც ვერ ვთქვი როგორც იტყოდნენ
ლეონიძედა ვურღუნი.
შნზე სიმღერის სათქმელად
შენს ტკბილ მამულში მოვედი,
ვიდრე კალამი გამიჭრის,
შენ მოგიგონებ ყოველთვის.   

    ჯ. აფრუზი    1966.


     ხმა მარადისი

ბრძენი კაცის ხმას არ ეყო 
ჩასახშობად დრო მსახვრალი,
საზღვრებს გასცდა მძლავრი ექო,
სივრცე პოვა კვლავ ახალი.
დედამიწის შემოგარენს
შეეფინა უსასრულოდ,
ეპოქიდან ეპოქამდე
გაიზარდა უკვდავ სულად.
საქართველოს მთაზე ვდგავარ
და ოცნების ძველი ტყე ვარ,
მე მონა ვარ ყურადღების
ო, ხარბია ჩემი სმენა,
მას სწყურია უცხო ხმები,
გულს ამივსებს ბგერის დენა...
მსურს ვესწრაფოკვლავ ჰანგს ახალს,
ბუნებამ რო შემინახა,
და სულ ახლოს
ჰაერს ახლავს
ნაზი ძაფი სიფრიფანა,
თითქოს ჩუმი
აბრეშუმი
მორცხვმა სიტყვამ მიიფარა.
ეს ჩეხოვის ნოველაა
მახვილი და სხივნათელი...
მესმის მარადისობიდან
ძლიერი ხმა რუსთაველის.
საქართველოს მთაზე ვდგავარ,
ვზედავ ფოთოლს სხივთა მთოვარს,
მზის ციაგი დამიტოვა...
იქნებ ამას შეიწოვა
ჩუმი
სიმით აბრეშუმის
საუკუნის ზართა გლოვა...

აქ, ჩემს გვარდით ვხედავ მგოსანს,
მისი სიტყვა ახლოს სუნთქავს,
სიახლოვე შვებით მმოსავს,
ვიცანი და მინდა სულ ვთქვა...
გულმა იგრძნო...
მისი სიბრძნე
უღელტეხილს მოსდებია,
ჩემთან მოდის, კლდეს გადაუვლის,
ბგერები არ მშორდებიან,
მისი ლექსი-სასწაული
განფენია ათასწეულს...

მესმის იგი,
სიმთა რიგი
თრთის... უსაზღვრო ცაა იქით.
კრძალვით უსმენს ავთანდილი
და ქებათა ქება ისმის...

ხეს შევეხე ძველს და სოველს
თვისი ჩუმი
აბრეშუმით
რომ ინახავს დროთა ქსოვილს.

საქართველოს გულში შესულს
საქართველო გულში მიძევს...
დიდი მგოსნის სიტყვის სიბრძნე
მადლით არის ნაფერები.
მღერის სამი ათასფერი 
ცისარტყელას ზღვა ფერებით.

    ე.ბუკოვი  1966.


          რუსთველის პროსპექტი

მწვერვალი,
თეთრი გვირგვინით თავზე.
ბინდში აცურდა სხივთა ბრიალით,
ოქროს ცისკარი დაფრინდა ცაზე,
როგორც ფენიქსი, ცეცხლისფრთიანი.
და ნისლი, ვერცხლის ზარნიშიანი,
მთაწმინდის მკერდზე გაცოცდა მფრთხილად,
სხივი-მერცხალი ფრთამოშრიალე,
უცებ უბეში ჩაუჯდა ქალაქს.
თბილისი ქუჩებს შეჰყვება დილა
და კარ-ფანჯრებზე მიაკაკუნებს,
ააწკრიალებს ტრამვაი ფრთხილად
რელსებს, სიმებად მიწას გაკრულებს.
ტროლეიბუსი მიჰქრის, მავთულებს
ნაპერწკლის თეთრი ღიმი ანათებს,
ქალაქის გულის ფეთქვას ჩართული 
ბაზარი ხილით ავსებს კალათერს.
სხივთ კონებს ჰყრის ბღუჯა-ბღუჯად მზე,
ქალაქს-ძველ ძმობილს გულ-მკერდზე ეკვრის:
დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე
ამაყად დგება პოეტის ძეგლი.
დგას რუსთაველი ქვეყნის დიდებად,
ვით მზე, დროისგან შეუმუსვრელი,
ქვაც კი ფერს კარგავს, არ იბინდება
სიმღერის ელვა დიდი რუსთველის.
მის შუბლზე ღელავს ველების სუნთქვა,
მის თმაში ბრუნავს ღამის სიგრილე
და,-სიყვარული აგვამაღლებსო,-
თავის უკვდავი ხმით დაიგრგვინებს.
მისი პოემა ბაღია ვრცელი
გაშლილი ველით და მაღალი მთით,
შედი, მოკრიფე თვალ-მარგალიტი.
შიგ უკვდავების ელავს ვარსკვლავი,
ხმა მიწიერი, ხმა ზეციერი...
შოთას პროსპექტი ღელავს ზღვასავით,
რეკს შრომის ძმური ჰანგი ძლიერი.
არის შენების მძლავრი გუგუნი,
ჩაუსვლელი მზე დაჰხარის ქალაქს
და რუსთაველი რვა საუკუნის
მიღმიდან მვიძღვნის ღიმილს და სალამს.
  
    ი.კლაუდისი    1948.
    

          შოთა რუსთაველს

დიდხანს ვღელავდი შენს სტრიქონთან თრთოლით მოსული,
შენ ამიხანძრე ცეცხლი, სულში გადამალული,
შვიდას წლის მერე გეახელი და ყირგიზული 
ცხენი მოგგვარე-მოიარე ჩემი მამული.

არ კი მიწყინო, დიდო შოთა, ეს საჩუქარი.
იქნებ მცირეა, იქნებ კიდეც დავაგვიანე,-
შენი უკვდავი პოეზია, სიბრძნე მშუქარი
ამ მაღალ მთებში ყირგიზულად ავახმიანე.

ელავს ნესტანის ღიმილიც და ცრემლიც ლამაზი,
და თინათინიც კვლავ დილის მზის შესადარია,
შენი ავთანდილ მზეობს სიბრძნით და სიმამაცით,
ისევ ისეთი გმირი არის შენი ტარიელ.

აქაც ის მთები აელვარდა, შენ რომ დახატე,
ის მდინარენი, ის ველები, ის ქალაქები,
და სიყვარული ღმერთის ენით ისე ღაღადებს,
ვით გაზაფხულზე წალკოტები და ჭალაკები.

ისევ ის ტანჭვა, გულის ღელვა, სულის წუხილი
და თავდადება სიყვარულის უკვდავ თავდებად,
ძმობის, სიმართლის ერთგულება, წვა და დუღილი,
მოყმის სიმღერა, ვით ჟამთა სვლა რომ არ თავდება.

ამ შრომისათვის მე მადლობა არ მინდა არა,
(წაიკითხავდე ნეტავ თვითონ, თვითონ ნახავდე!),
მხოლოდ ერთს ვნატრობ მთელი გულით: მამულში მარად
ენთოს ისეთი სიყვარული, შენ რომ დახატე.
     
     ა.ოსმანოვი   1937.


        მეგობრობის ბედნიერება

თითქოს უცხოს მოელოდნენ სტუმარს,
მოუსწრიათ სახლის ნოხით მორთვა,
ჯადოსნური კალმით ხელში მდუმრად
დაბალ ტაბლას მისჯდომია შოთა.

   თვალანთებულს გული სწრაფად უცემს,
   შთაგონების ცეცხლის ალი დაგავს,
   აღზნებული წამოხტება უცებ,
    აქეთ-იქით დააბიჯებს შმაგად.

სხვისი მზისა-სწორი, როგორც ლარი-
ისარივით დაეძგერა სარკმელს,
მერე ოდნავ გაჭრიალდა კარი
და აკაკი აირეკლა სარკემ.

    შემოვიდა, მოეხვია ძმობილს,
    წაუკითხა უახლესი ლექსი
    და სტრიქონებს, მგოსნის გულში შობილს,
    ახლდა სევდა დაფარული კვნესის.

აგიზგიზდა ცისფრად ლექსის ალი,
შოთას თვალზე მოერია ცრემლი,
და ბატის ფრთის ჯადოსნური კალმით
დაუმშვენა შთამომავალს ხელი.

    უთხრა:-"ღმერთმა რადგან მგოსნად გშობა,
    არასოდეს უღალატო შენს თავს,
    უგალობდე სიკეთეს და ძმობას,
    წინ გასწიე მეგობრებთან ერთად.

სიყვარულის შუქი გაგყვეს საგზლად,
ამ კალამით მხოლოდ კეთილს თესდე,
არასოდეს აირჩიო სხვა გზა,
არასოდეს დაგავიწყდეს ეს დღე!"

    ზე წამოდგა აკაკი და კრძალვით
    ლექსთა მეფეს გაუსწორა თვალი,
    მოახსენა:-"დიდებულო შოთა,
    შენს საჩუქარს მე ვაფასებ დიდად,
    გადმომედო შენი სული შფოთვა
    და ვიმღერებ, ვიდრე სული მიდგას!" 

წლიდან წლამდე ის კალამი მართლაც 
ლექსებს ღვრიდა შარბათად და თაფლად.
რუსთაველის და აკაკის ნათქვამს
ხალხი გულში ერგო ბინა მყარი
და უკვდავი სადიდებლად ახლაც
ყირგიზეთში მღერის ჩემი ქნარი.

    ყ.აქაევი  1966.


       შოთა რუსთაველი

შენ საქართველოს მთების შვილი ხარ,
ძვირფასო შოთავ, დიდო მგოსანო,
სიბრძნენი შენი გადაშლილი გაქვს-
სიტყვა მართლი და სხივოსანი.

შენს სტრიქონებში ჩანს შენი სახე,
ტარიელივით შმაგი და ბრძენი,
როგორ ამაღლებს შენს დიად სახელს,
უბადლო სიტყვა, სიმღერა შენი.

შიგ ჩააქსოვე მბორგავი სული,
უჭკნობი ტრფობის, უკვდავი რწმენის,
ამბავი ძველი და გარდასული-
გაგვასაუბრე დღევანდელ ენით.

ვეღარ შებედავს ქვეყანას ბნელი,
ნათელი შენი მიწვდება თუკი,
გაზაფხულები აურაცხელი,
განათებული შენივე შუქით

შენ დიდ სიყვარულს შეასხი ფრთები
და აიტაცე ცათამდე ფრენით.
შენმა სიმღერამ გადავლო მთები,
რამ შეაჩეროს სიმღერა შენი.

     ჰ.თუმანიანი   1937.


           რუსთველს

უკვდავთ შორის უკვდავისთვის რას მიქვია დრო და ჟამი...
სიყვარულზე განა ვისმე უმღერია შოთასავით?!
განა ბევრი გაგიგიათ ღვთიური და მადლიანი,
დიდი შოთას ჩანგის დარი ჰქონდეს ჩანგი ბანგიანი...
ოდეს სიმთ ბროლის თითებს შთაგონებით ჩამოჰკრავდა,
მდინარე თუ წყაროს თვალი გაქვავებულს ჩამოქგავდა.
რაოდენი შველი მთიდან, ციდან მართვე მიილალა,
ნეტარების სხივში იდგნენ მზიან გამთენიის დარად...
ვეფხვი-რისხვა ველ-მინდორთ-გვერდით ეჯდა ანგელოზად,
ტკბილი ჰანგით გათანგული მზე ცით ჩამობრძანდებოდა.
თოვლს დაძრავდა მწვერვალიდან, წყაროდ ააელვარებდა
და შერთავდა თვისი ჰანგის ჯადო ჩნგის მღელვარებას,
ელვასავით არწივს უცებ ღრუბლის კოშკზე შემოსვამდა,
სურდა ტყეებს განძარცვავდა, სურდა-ისევ შემოსავდა.
მისი ჰანგის სუნთქვას ჰგავდა სუნთქვა ნარგიზ-შროშანისა,
იასაც კი არა ჰქონდა გულში შიში დრო-ჟამისა...
მიჯნურობის უკვდავებას ამცნობს მამრს თუ მანდილოსანს,
იმღერს კრძალვას თინათინის, ქებას საავთანდილოსას...
ყველა ჰკვირობს იმა უსტარს, თუ მიჯნურია ამა ოდას,
როგორ ძებნა ტარიელმა დარეჯანი ამაოდა...
მიწყივ ველებს ახალებდა ხმობა ყრმისა საძებნელად,
სისხლის ცრემლში ტარიელი წამწამს წამწამს აწებებდა,
სად შეაღო ბჭენი ნებით, შცალეწა სად დავითა,
რომელ შამბნარს არ მიუშვა შავი ცხენი სადავითა,
ჰკლა უშთარი ნადირი და ჰხოცა უშტი მეკობარი-
ავთანდილი პოვა ვიდრე-მეგობრისთვის მეგობარი...
და ჟღერს დიდი შოთს ჩანგი მეგობრობის ქებათ-ქებად,
ყოველ სულდგმულს ნეტარებით ყოვლით სახე ებადრება.
უხესენებდე ტარიელი ქაჯთა მოდგმას აუგიანს,
მისთვის მუხთალ ბოროტებას მახე როგორ დაუგია.
მერმე შოთა ტარიელის, ავთნდილის გამარჯვებას
აჟღერებდა და აქებდა მათ სიბრძნეს და მძლავრ მარჯვენას.
უმღეროდა იგი შეყრას სიყვარულით გათანგულთა,
ადარებდა ბაგეს ვარდს და მიჯნურთ ამბორს-ვარდთა სუნთქვას,
უმღეროდა კაცთა მოდგმის გაზაფხულის განთიადსა,
მოსრა ღამე ბოროტების, დღე სიკეთიტ ადიადა,
ღვთაებრივი იყო მაცნე, სიბრძნე ჰქონდა სიმად მაცნეს,
დღესაც ისევ ისე აქებს გმირობას და სიმამაცეს.
მაგრამ მკვდრეთით რომ წამოდგეს, დაფარავდა გაოცება?!
როს ნახავდა გახარებულს მიჯნურს მისგან ნაოცნებარს,
თვის ქებას როს მოისმენდა მშობლიური მესხეთიდან,
თავის ხალხს როს შეხედავდა გალაღებულს ესერიგად. 
განა ბევრი გაგიგიათ ღვთიური და მადლიანი,
დიდი შოთას ჩანგი დარი ჰქონდეს ჩანგი ბანგიანი...
სიყვარულზე განა ვისმეს უმღერია შოთასავით?!
უკვდავთ შორის უკვდავისთვის რას მიქვია დრო და ჟამი...

        ჰ.პოლოსიანი    1937.

    
    

No comments:

Post a Comment